【პროფილი】
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის (იაპონური ენის მიმართულება) მე-4 კურსის სტუდენტი. ვასედას უნივერსიტეტში 1-წლიანი გაცვლითი პროგრამის გამოცდილება (2024-2025 წწ).
იაპონური ენისა და იაპონურენოვანთათვის ქართული ენის მასწავლებელი.ფრილანსერი მთარგმნელი. 2026 წლის აპრილიდან აქტიურად მუშაობს იაპონურენოვან გიდად საქართველოში.
ჩემი მიზანია გავხდე ხიდი საქართველოსა და იაპონიას შორის. ამჟამად ვმუშაობ საბაკალავრო ნაშრომზე, რომელიც ეხება ორივე ენის სტრუქტურის გავლენას სოციალურ შემეცნებასა და რეალობის აღქმაზე. მომავალში მსურს, როგორც პროფესიონალმა მთარგმნელმა და კულტურულმა მედიატორმა, ჩემი წვლილი შეიტანო ორმხრივ ურთიერთობებში.
①რატომ გადაწყვიტეთ იაპონური ენის სწავლა?
17 წლიდან დავიწყე იაპონურის სწავლა. ეს ის პერიოდი იყო კოვიდი და კარანტინი რომ დაგვემართა და ყველამ რაღაც ახალს მიჰყო ხელი. რადგან ჩემი გატაცება ყოველთვის ახალი ენების სწავლა იყო გადავწყვიტე ამჯერად იაპონურისთვის მომეკიდა ხელი. ყველა ამბობდა იაპონური ყველაზე რთულია და მეც როცა პირველად დავიწყე სწავლა ზუსტად ეს განვიცადე, მაგრამ სწორედ ამიტომ უფრო და უფრო შემიყოლა სწავლამ. რაც მეტს ვსწავლობდი მით მეტად რთულდებოდა და სწორად ამან მიმიზიდა თავდაპირველად. შემდეგ მივხვდი რომ ეს ამჯერად აღარ იყო მხოლოდ ერთ-ერთი ენა რომელმაც გამიტაცა, და მომინდა ჩემი მომავალი პროფესიაც დამეკავშირებინა მასთან. ამიტომ, სკოლის დამთავრებისას უნივერსიტეტში ჩაბარებაზე რომ მიდგა საქმე იმ დროს არსებულ ერთადერთ იაპონურის მეიჯორის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. პირველ და მეორე კურსზე ნამდვილად ვიგრძენი იაპონური ენის სირთულე, სრულიად ახალ სამყაროში გადამიყვანა, მქონია ბევრჯერ დანებების მომენტებიც რადგან რაც მეტს ვსწავლობდი მით უფრო მეტად მერთულებოდა სწავლის პროცესი.
სწორედ ეს დრო იყო როცა პირველად ხელში ჩამივარდა იუკიო მიშიმას შემოქმედება. ქართულად ნათარგმნი იყო თათია მემარნიშვილის მიერ. ჯერ ,,ნიღბის აღსარება” წავიკითხე და შემდეგ ,,გაზაფხულის თოვლი”. დიდი ხნის განმავლობაში პირველად ვიგძენი უნიკალური შემოქმედებისგან სიამოვნება. ვერ მივხვდი ის უფრო მომწონდა მიშიმა როგორც წერდა თუ ის – ქართულად რა ლამაზად ჟღერდა ქალბატონი თათიას მიერ ნათარგმნი. გადავწყვიტე რომ აუცილებლად ორივე უნდა ყოფილიყო. რადგან წიგნიც და თარგმანიც ერთმანეთს იდეალურად ავსებდნენ. პირველ რიგში რა თქმა უ და მიშიმას მიერ გადმოცემულმა ფილოსოფიამ მომხიბლა, შემდეგ კი თარგმნის სილამაზემ. ეს ორი კი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდა. სწორედ ამ დროს გავიაზრე რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს თარგმანს და როგორი მნიშვნელოვანია ის. სწორედ ამ მომენტიდან სრულიად ახალი შემართებით შევუდექი იაპონურის სწავლას. ახალი მიზნით, რომ მეც მომავალში მთარგმნელი გამოვიდოდი. ამ ახალმა მიზანმა და დასახულმა გეგმამ შემდგომში მომცა ნათელი გზა თუ საით მინდოდა წავსულიყავი. ვფიქრობ, ასეთ დროს უკვე მარტივია ისეთი არჩევანი გააკეთო როგორიც ჩემს შემთხვევაში იაპონიაში წასვლა იყო ერთი წლით. უნივერსიტეტიდან ვიცოდი მექსთის პროგრამის შესახებ და მე-3 კურსზე როდესაც აპლიკაცია შევავვსე და შემდეგ გასაუბრებამაც წარმატებით ჩაიარა შევძელი იაპონიაში 1 წლით დაფინანსებით წასვლა რაც ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გამოცდილება იყო.
② საიდან გაიგეთ MEXT-ის იაპონური კვლევის პროგრამის შესახებ? როგორ მოემზადეთ და როგორი ტესტი ჩატარდა გამოცდის დღეს?
MEXT-ის იაპონური ენის პროგრამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ უნივერსიტეტიდან და შემდეგ ინტერნეტის საშუალებით, კერძოდ იაპონიის საელჩოს ოფიციალური ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან შევიტყვე. ვინაიდან აქტიურად ვარ დაინტერესებული იაპონური ენითა და კულტურით, მუდმივად ვადევნებდი თვალს მსგავს შესაძლებლობებს.
მზადება საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე დავიწყე. ძირითადად ვიყენებდი ონლაინ რესურსებს, ვეძებდი წინა წლების საგამოცდო მასალებსა და ტესტებს ინტერნეტში ან დაახლოწბით მსგავს მასალებს, ვუყურებდი საინფორმაციო ვიდეოებს, სადაც სხვა სტუდენტები საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ. ვეცნობოდი მათ რჩევებს იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპზე.
თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ფაქტორი მაინც ძლიერი მოტივაცია და ენის მიმართ ღრმა ინტერესი აღმოჩნდა. სწორედ ამ შინაგანმა ინტერესმა მომცა ძალა, მიზანმიმართულად მემუშავა საკუთარ თავზე და გამოცდას მომზადებული შევხვედროდი.
გამოცდის დღეს, ბუნებრივია, იყო გარკვეული ნერვიულობა, თუმცა თავად ტესტი არ ყოფილა ზედმეტად რთული.
ტესტირება ძირითადად ამოწმებდა იაპონური ენის გრამატიკას, ლექსიკასა და წაკითხულის გააზრებას სხვადასხვა სირთულის დონეზე. ვინაიდან წინასწარ მქონდა გავლილი მსგავსი სტრუქტურის მასალები, მაგალითად JLPT, შეკითხვები ჩემთვის ნაცნობი აღმოჩნდა. მომზადებამ და საკუთარი ძალების რწმენამ საშუალება მომცა, გამოცდა წარმატებით დამეწერა.
③ როგორ იყო თქვენი სასწავლო ცხოვრება იაპონიაში? და რა ისწავლეთ იქ ცხოვრების განმავლობაში?
იაპონიაში გატარებულმა დრომ არა მხოლოდ ენობრივად, არამედ პიროვნულადაც გამზარდა. იაპონური საზოგადოება და კულტურა მართლაც სავსეა უამრავი დაწერილი თუ დაუწერელი წესით (მაგალითად, საზოგადოებრივი ჰარმონიის დაცვა, სხვების პირადი სივრცის პატივისცემა და ა.შ.), რაც უცხოელისთვის თავიდან ხშირად რთული მისაღები ან გასაგებია.იაპონიაში ცხოვრება ჩემთვის უდიდესი და ამავდროულად ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. იაპონური ყოველდღიურობა და სოციალური სტრუქტურა რადიკალურად განსხვავდება ქართულისგან. ამ გარემომ ბევრი დადებითი რამ დამანახა, თუმცა იყო ისეთი ასპექტებიც, რომლებიც კულტურულად თავიდან რთული გასაგები აღმოჩნდა. ვფიქრობ, იაპონიაში ყველაზე მეტად თვალში საცემია ის, თუ როგორ უფრთხილდებიან ადამიანები საერთო სივრცეს და სხვების აზრს (მაგალითად, ტრანსპორტში, ქუჩაში თუ უნივერსიტეტში). ამან მასწავლა მეტი ყურადღებულობა, დისციპლინა და გარშემომყოფების მიმართ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ვფიქრობ ასევე ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობისას ე.წ. “უხილავი საზღვრების” დაცვა და კომუნიკაციის კულტურის სიღრმისეულად აღქმა, რაც მხოლოდ სახელმძღვანელოებიდან არ ისწავლება.
ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ იაპონიაში წასვლამდე და იქ ცხოვრების დაწყებამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენის, არამედ ქვეყნის კულტურული ნიუანსების, სოციალური წესებისა და ქცევის ნორმების წინასწარ გაცნობა და გათავისება. როდესაც წინასწარ იცი, რა მოლოდინები აქვს ამ საზოგადოებას შენგან, კულტურული შოკი გაცილებით ნაკლებია, ადაპტაციის პროცესი კი უფრო პროდუქტიული და სასიამოვნო.საბოლოო ჯამში, ამ განსხვავებულმა გარემომ მასწავლა მოვლენებისთვის სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედვა და საკუთარი კულტურის უკეთ დაფასებაც.
④ რა რჩევას მისცემდით იმ ქართველ ადამიანებს, რომლებიც იაპონიაში სწავლის სურვილს გამოთქვამენ?
ჩემი მთავარი რჩევა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც იაპონიაში სწავლა და ცხოვრება სურთ, იქნება
მიზნის მკაფიოდ განსაზღვრა და “რატომ?”-ზე პასუხი: პირველ რიგში, აუცილებელია სტუდენტმა ზუსტად ჩამოაყალიბოს, რა არის მისი მთავარი მიზანი, რატომ სურს მაინცდამაინც იაპონიაში წასვლა? იქნება ეს ენის სიღრმისეული შესწავლა, კულტურის რომელიმე კონკრეტული ასპექტის კვლევა, თუ აკადემიური და პროფესიული განვითარება. როდესაც მიზანი მკაფიოა, ნებისმიერი სირთულის გადალახვა ბევრად მარტივი ხდება.
ასევე მნიშვნელოვანია რეალისტური მოლოდინების შექმნა, ის, რომ იაპონიას არ ვუყუროთ მხოლოდ იდეალიზებული, “რომანტიკული” პერსპექტივიდან. რეალობაში, სრულიად მარტო წასვლა უცხო ქვეყანაში, რომელიც შენი სამშობლოსგან ათასობით კილომეტრითა და რადიკალურად განსხვავებული კულტურით არის დაშორებული, თავისთავად რთული და ემოციურად დამღლელი პროცესია. ამისთვის წინასწარ მზადყოფნა აუცილებელია.
და ასევე რჩევას მივცემდი სხვებს რომ შეხედონ სირთულეების, როგორც გამოწვევებს. მიუხედავად ბარიერებისა (ენობრივი იქნება ეს თუ კულტურული), ეს სირთულეები უნდა მივიღოთ არა როგორც დაბრკოლება, არამედ როგორც საინტერესო და სასიამოვნო გამოწვევა. ეს არის უნიკალური შანსი პიროვნული ზრდისთვის, დამოუკიდებლობისა და სრულიად ახალი მსოფლმხედველობის შესაძენად.
ჩემი რჩევა იქნებოდა, იყავით მყარად მოტივირებულები, შეისწავლეთ ქვეყანა წასვლამდე და მზად იყავით იმისთვის, რომ ეს გამოცდილება თქვენს ცხოვრებას სრულად შეცვლის.
⑤ მომავალში რა საქმიანობას გეგმავთ იაპონური ენის გამოყენებით?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი უპირველესი და მთავარი მიზანია ჩამოვყალიბდე მაღალი დონის პროფესიონალ მთარგმნელად, რათა ხელი შევუწყო იაპონური ლიტერატურის, აკადემიური ნაშრომებისა და კულტურული ტექსტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობას (და პირიქით). თუმცა, ამ მიმართულებით ჩემი გეგმები მხოლოდ ტექსტების თარგმნით არ შემოიფარგლება
მთარგმნელობით საქმიანობასთან ერთად, ვგეგმავ გავაგრძელო კვლევები ლინგვისტიკისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის მიმართულებით. კონკრეტულად კი, მაინტერესებს იმის შესწავლა, თუ როგორ ახდენს იაპონური ენობრივი სტრუქტურები გავლენას სოციალურ ქცევასა და აღქმაზე, და ამ ცოდნის გაზიარება აკადემიურ დონეზე
ჩემი ცოდნა მინდა გამოვიყენო პრაქტიკულ სფეროშიც, მაგალითად, იაპონურენოვანი ტურისტების, დელეგაციებისა თუ სპეციალისტების შეხვედრების ორგანიზების დროს საქართველოში. მინდა ჩავერთი როგორც დამხმარე რომელიც მათ დაეხმარება სწორად და სიღრმისეულად გაიგონ ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა.
ასევე მსურს, აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტში. ეს გულისხმობს იაპონური კულტურის, ტრადიციებისა და სოციალური თავისებურებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების, ვორქშოფებისა თუ პრეზენტაციების ორგანიზებას საქართველოში, რაც დაეხმარება დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქვეყნის უკეთ გაცნობაში.
ვიტყოდი, ჩემი მიზანია ვიყო კულტურული მედიატორი, რომელიც ქართველ და იაპონელ ხალხს ერთმანეთთან უფრო მეტად დააახლოებს, რადგან ორივე უნიკალური და საინტერესო ერი ვართ რომლებსაც ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა და ამით განვითარება შეგვიძლია.
მადლობა!

