მიშა არობელიძე & ოოგი ჩიკა  “გურიაში გაშლილი კულტურული გაცვლის ადგილი”

【პროფილი : მიშა არობელიძე სანმიშა არობელიძე დაიბადა ოზურგეთში 1989 წელს. ის სწავლობდა სამსახიობო სარეჟისორო ფაკულტეტზე თბილისში. პროფესიით არის მსახიობი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ადგილობრივ თუ  კოპროდუქციულ პროექტებში, სხავასხვა პროფილით.  თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ სიახლეების დრო დადგა და  2010 წლიდან მსოფლიოს გარშემო ავტოსტოპით მოგზაურობა დაიწყო.  ძირითადად სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.  მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში მან გაიარა 5000 კილომეტრზე მეტი ავტოსტოპით. 2018 წელს არგენტინიდან საქართველოში მომავალმა კატარში, დოჰას აეროპოტში შეხვდა იაპონელ მსახიობსა და ბალერინას ჩიკა ოგის. რის შემდეგაც მათ გადაწყვიტეს საქართველოში დარჩენა და საქმიანობის დაწყება. ასე და ამგვარად დღეს უკვე დასავლეთ საქართველოში, კერზოდ გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში, მათ აქვთ კულტურული თავშეყრის ადგილი სახელწოდებით ჩამო.

【პროფილი : ჩიკა ოოგი სან】ჩიკა ოგი მსახიობი და მოცეკვავეა, ასევე გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში მდებარე კულტურული სივრცის — CHAMO-ს თანადამფუძნებელი. ბავშვობიდან სწავლობდა ბალეტს, მიუზიკლსა და ვოკალს. უნივერსიტეტში შეისწავლა ხელოვნების გამოყენება მშვიდობის მშენებლობის პროცესებში კონფლიქტებისა და ომების შემდეგ.2018 წელს იგი რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრით მოიხიბლა და საქართველოში გადასვლა გადაწყვიტა. ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების შესწავლის პარალელურად, 2022 წელს შეუერთდა თბილისის მოძრაობის თეატრს, სადაც 2024 წლამდე მონაწილეობდა სპექტაკლებში. გარდა ამისა, ჩართულია სხვადასხვა გადაღებებსა და თეატრალურ პროექტებში.2019 წელს მეუღლესთან, მიშასთან ერთად დააარსეს CHAMO ვაკიჯვარში. CHAMO-ს კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სივრცეს ეწვევა, ჰქონდეს შესაძლებლობა განიცადოს უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი ემოციები. სწორედ ამ მიზნით ისინი ავითარებენ ამ ადგილს აღნიშნული მიმართულებით — სივრცედ, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ბუნების წიაღში კულტურითა და ხელოვნების კეთებით ისიამოვნონ.ჩიკას ამჟამინდელი მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც სხვადასხვა ჟანრის არტისტები შეძლებენ თანამშრომლობას CHAMO-ში, და ამავდროულად ადგილობრივ მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა, გაეცნონ ამ ნამუშევრებს.

1.(ჩიკა სან) რა იყო თქვენი პირველი შეხება საქართველოსთან?

მართალი გითხრათ, ცოტა მრცხვენია, მაგრამ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი. ტელევიზორში ვუყურებდი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას და მაშინ საქართველოს დელეგაცია გამოვიდა. მათ ხელში ეჭირათ დროშა და ვიფიქრე: „ეს რომელი ქვეყნის დროშაა?“ ასე გავიგე პირველად, რომ არსებობს ქვეყანა საქართველო.

ამის შემდეგ YouTube-ზე ვნახე რეზო გაბრიაძის „რამონა“. ეს ძალიან მოკლე, დაახლოებით ერთწუთიანი ვიდეო იყო, მაგრამ იმდენად მომხიბლა თოჯინების მოძრაობამ, სცენოგრაფიამ, სპეციალურმა ეფექტებმა და მუსიკამ, რომ გადავწყვიტე, ეს წარმოდგენა აუცილებლად ცოცხლად მენახა და 2018 წელს პირველად ჩამოვედი საქართველოში.

პირველი ვიზიტი მხოლოდ ორი კვირა გაგრძელდა, მაგრამ ამ დროს ადგილობრივებმა ძალიან თბილად მიმიღეს და გულით გამიზიარეს მათი კულტურა და ტრადიციები. ამ გამოცდილების შემდეგ გავიფიქრე, რომ მინდოდა უფრო ღრმად გამეცნო საქართველო, მესწავლა ქართული ენა და მეტი გამეგო ამ კულტურის შესახებ. საბოლოოდ გადავწყვიტე აქ დარჩენა, დავქორწინდი და უკვე 8 წელია საქართველოში ვცხოვრობ.

2.(მიშა სან) მოგვიყევით, რა საქმიანობას ეწევით ახლა ჩიკა სანისთან ერთად საქართველოში?

ჩიკასთან ერთად საქმიანობას ვეწევი გურიაში, კერძოდ სოფელ ვაკიჯვარში, ბახმაროს მთის მისადგომებთან, სადაც გვაქვს კულტურული თავშეყრის ობიექტი სახელწოდებით ”ჩამო”, რომელიც აერთიანებს კემპინგისა და გლემპინგის გარდა კიდევ ბევრ სხვადასხვა მიმართულებას.  აქ ასევე ვაკეთებთ სოციალურ და შემეცნებით ღონისძიებებს.  ჯერ-ჯერობით, ბოლო  სოციალური პროექტი რაც განვახორციელეთ იყო  ურემი ბიბლიოთეკა, მოვიმარაგეთ წიგნები (მეტწილად გვაჩუქეს) რადგან ამგვარი მოდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გავრცელებული და მისი  მიზანია  წიგნიერების დონის ამაღლება და სადისკუსიო სივრცის შექმნა,( განსაკუთრებით პროვინციებსა და სოფლებში) ნემისმიერს აქ მოსულს შეუძლია არაფორმალური, უფასო განათლება მიიღოს.  

ზოგადად, ამ სივრცეში, ჩამო- ში მუშაობა, თერაპიულ ნაწილს წარმოადგენს და ვქმნით ყველაფერ იმას რაც ახლოს არის ჩვენთან. მაგალითად უკვე სადაცაა დავასრულებთ მანაქანა სახლის მოპირკეთებას ( ასეთ მიკროავტობუსში მე დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდი ბრაზილიაში ჩემი 8 წლიანი ავტოსტოპით მოგზაურობის დროს)  უბრალოდ იმ განსხვავებით რომ ეს ჩვენი მიკროავტობუსი, სტატიკურად ერთ ადგილზე იქნება განთავსებული, და მსურველებს შეეძლებათ დარჩენა. რასაკვირველია ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი კომფორტული და უსაფრთხო განთავსებისთვის.  ამ ჩვენი პატარ-პატარა თერაპიული საქმიანობის შედეგით ასევე რა თქმა უნდა აქ მოსულს შეუძლია ისიამოვნოს. მაგალითად გვაქვს, ორნამენტული და მსხმოიარე ბაღები. მე არაერთხელ ჩამომიტანია იაპონიიდან ისეთი მცენარის ნერგი რომელიც ჩვენთან საერთოდ არ არის, ან ძალიან ცოტაა.  ერთი სიტყვით. ჩამო არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია გაექცე ქალაქის ხმაურსა და სტრესს და სიმშვიდითა და ჰარმონიით ისიამოვნო, ბუნების წიაღში.

3.(ჩიკა სან) გვითხარით, რა მსგავსებები და განსხვავებებია იაპონიასა და საქართველოს შორის?

პირველ რიგში, ვგრძნობ, რომ იაპონიისა და საქართველოს კლიმატი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამიტომაც ორივე ქვეყანაში ბუნება ძალიან ლამაზია და ოთხივე სეზონი არსებობს, და მგონია, რომ ამ სეზონების მიხედვით ბუნების სიყვარულიც რაღაცნაირად საერთო გვაქვს.მაგალითად, ლიტერატურაში ხშირად გვხვდება სეზონებთან დაკავშირებული ძალიან დეტალური გამოხატულებები, ისევე რიგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუნდაც კულტურა,  სეზონური პროდუქტების გამოყენებით მომზადებული კერძების შესახებ.

ასევე, ვფიქრობ, რომ ორივე კულტურაში მნიშვნელოვანია სტუმარმასპინძლობა, ამის შედეგან, ადამიანის გაგება, მასზე დაკვირვება და შეგრძნება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. განსკაუთრებით მაშინ ვგრძნობ ამას როცა მეგობრებს ვესაუბრები რიუნოსკე აკუტაგავასა და კობო აბეს შესახებ.

გარდა ამისა, ორივე ქვეყანაში აფასებენ ტრადიციასა და კულტურას.  ასევე მეგობრებს შორის ხუმრობის თევისებურებები ძალიან საინტერესოა და სხვა ბევრი რამ—  ხშირად ვფიქრობ, რომ მსგავსება მართლაც შესამჩნევია.მეორეს მხრივ, განსხვავებებიც ბევრია. მაგალითად, საქართველოში ადამიანებს შორის — ოჯახში ან თუნდაც სამეგობროში — ურთიერთობები უფრო ახლო და მჭიდროა, და მე პირადად ეს ძალიან მსიამოვნებს და თავს გაცილებით უფრო დაცულად ვგრძნობ.

და კიდევ ერთი დიდი განსხვავება… საქართველოში ხალხი ცოტა უფრო სწრაფად და თამამად ატარებს მანქანას…! 

4.(მიშა სან) თქვენ როგორ ხედავთ მსგავსებებსა და განსხვავებებს იაპონიასა და საქართველოს შორის?

მიუხედავად იმისა რომ მე ბევრს მსგავსებას ვერ ვხედავ ამ ორ ქვეყანას შორის, არის გარკვეული ნიუანსები რაშიც შესაძლოა დაახლოებით მაინც ერთნაირი ფასეულობები არსებობდეს. პირველი ის რომ, სტუმართმასპინძლობა საქართველოშიც და იაპონიაშიც მნშივნელოვანია. ორივეგან აფასებენ ტრადიციასა და კულტურას.  და ასევე ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვს ორივე ქვეყანას. (თუ შეიძლება ეს მსგავსებაში იგულისხმებოდეს)თუ ბუნებრივ მემკვირდეობაზეც ვიტყვით ორიოდე სიტყვას, აქაც არის მსგავსება, რადგან ორივე ქვეყანა ზომიერ სარტყელში მდებარეობს, ორივე მშვენიერია და მცენარეული საფარიც კი თითქმის იდენტურია.

და  რაც შეეხება განსხვავებას, ძალიან ბევრია.  იმდენად ბევრი რომ საიდან დავიწყო არც კი  ვიცი:.

ძალიან მოკლედ მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს, სხვა შემთვევაში ძალიან გაგვიგრძელდება ეს ინტერვიუ. მაგალითად, იაპონიაში არსებობს ბევრი დაუწერელი წესი, რომელსაც დიდი ყურადღება ექცევა სოციუმში. რაც ყოველმა იაპონელმა უნდა იცოდეს. თუმცა ეს შეუმჩნეველი ხდება უცხოელების მიერ რა თქმა უნდა და მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, და ამიტომაც  არც აწუხებთ.  საქართველოში ამ მხრივ ძალიან მარტივია, თუმცა სხვა მხრივ რა გითხრათ.

ასევე იაპონია არის ძალიან მოწესრიგებული ქვეყანა, ყველაზე მოწესრიგებული სადაც კი მე ოდესმე ვყოფილვარ, და დამიჯერე ძალიან ბევრგან ვყოფილვარ.  საქართველო პირიქით, ძალიან ქაოტურია, ძირითად შემთხვევაში ეს ნეგატიურ პროცესებს იწვევს თუმცა არის კონტექსტი( ძალიან იშვიათი თუმცა მაინც) როცა ქაოტურობა შესაძლოა უკეთესიც იყოს ვიდრე 100% პროცენტით მოწესრიგებული გარემო, მომუშავე როგორც ქარხანა.

5.(ორივე) მომავალში, რა სახის საქმიანობას გეგმავთ იაპონიასა და საქართველოს შორის?

ზოგადად ნამეტანი იდეალისტურად თუ შევხედავთ, მე მაქვს სურვილი, განვითარების ის დონე რაც სხვაგან არის, თუმცა ამ შემთხვევაში კერძოდ იაპონიაშია, კონკრეტული მიმართულებებით, საქართველოშიც დავნერგო ეტაპობრივად, მეტწილად, რაც ჩემს ძალებში არის, რა თქმა უნდა. თუმცა ეს ყველაფერი, დროში ძალიან გაწელილი პროცესია.

მაგრამ,   როგორც უკვე ვთქვი ეს ზედმეტად იდეალისტური მიდგომაა და რელაობას რომ დავუბრუნდეთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი რაც გვაქვს ამ ეტაპისთვის არის ის რომ,  მას შემდეგ რაც დავასრულებთ მშენებლობას ჩამოში სადაც არტისტებს შეეძლებათ შეკრება  (პროცესი უკვე მიმდინარეობს) გვსურს  მოვიწვიოთ იაპონელი ( და არა მხოლოდ) ხელოვანები ჩვენთან, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში, უშუალოდ სამუშაო პროცესს შექმნიან აქ და ამაში ადგილობრივი ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას. და ეს რაღა თქმა უნდა, მათთვის იქნება ძალიან დიდი შემეცნების წყარო.

CHAMO Instagram Account  — Chamo • ჩამო (@chamocamp)