【პროფილი】
კიოტოს უმაღლესი მეცნიერებების უნივერსიტეტის ელექტრო და მექანიკური სისტემების ინჟინერიის სტუდენტი.
1.რატომ გადაწყვიტეთ იაპონური ენის სწავლა? რთული არის თუ ადვილი?
პატარა ვიყავი, როცა შემიყვარდა იაპონური ანიმე, ძალიან მინდოდა ანიმაციები ორიგინალ ენაზე მენახა, რამაც პირველად გააჩინა ჩემი ინტერესი იაპონური ენის მიმართ. ენის შესწავლის პროცესში, რაც მეტად ვეცნობოდი მის უნიკალურობასა და კულტურას, მით უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. იაპონური ენა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა ჩემთვის სწორედ ეს სირთულე და განსხვავებულობა ხდის მას განსაკუთრებულსა და საინტერესოს. ვფიქრობ, თუ ის შეიყვარე, უდიდეს სიამოვნებას მიიღებ მისი სირთულეების გადალახვისას.
2.რატომ გადაწყვიტეთ იაპონიაში სასწავლად წასვლა? ასევე როგორ იპოვეთ ეგ სასწავლო პროგრამა?
იაპონია ბევრისათვის ცნობილია, როგორც მომავლის, ტექნოლოგიების ქვეყანა. სულ მესმოდა იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზული მიდგომა და დამოკიდებულება აქვთ სწავლისა და ზოგადად, შრომის მიმართ, რამდენად განსხვავებულია მათი ცხოვრების სტილი. სწორედ გამომდინარე აქედან, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო ქვეყანა იქნებოდა ჩემთვის დამოუკიდებელ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. დავრეგისტრირდი ერთ-ერთ სასწავლო გამოფენაზე, ამ გზით, აღმოვაჩინე და შემდეგ უკვე ჩავაბარე ჩემს უნივერსიტეტში.
3.როგორია თქვენი სასწავლო პროცესი Kyoto University of Advanced Scienceში?
სასწავლო პროცესი საკმაოდ შრომატევადია. დიდი ყურადღება ენიჭება ლექციებზე დასწრებას და შრომაც შესაბამისად ფასდება. ძალიან ბევრი შესაძლებლობაა სტაჟიორობის, უნივერსიტეტი პრიორიტეტად ისახავს პრაქტიკულ ცოდნას. ხარისხის აღებისას ყველას უკვე აქვს თავის სფეროში მუშაობის გამოცდილება. დისციპლინა და ამ რუტინაში ჩაჯდომა აუცილებელია. დაგვიანება მიუღებელია, ყველა აფასებს შენს დროს და თვითონაც იგივეს ითხოვენ შენგან. ყოველდღე უნდა ჩადო შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი. ყველა რესურსი ხელმისაწვდომია, ბიბლიოთეკა გვიანობამდე ღიაა, უნივერსიტეტი კი საერთოდ არ იხურება. სტუდენტები მუდმივად იქ არიან და მეცადინეობენ. ასევე არის სხვადასხვა “student support rooms”, სადაც TA-ები და უფროსკურსელები გეხმარებიან.
4.კიოტოში ცხოვრება როგორ მოგწონთ? როგორ ატარებთ თავისუფალ დროს იაპონიაში?
კიოტო თბილისგან ძალიან განსხვავდება. თავიდან ამ ცვლილებასთან შეგუება გამიჭირდა, თუმცა, უკვე შემიყვარდა ეს ადგილი. კიოტო წყნარი, მშვიდი და ლამაზი ქალაქია. ხალხი ძალიან ზრდილობიანი. ჩემი ხმამაღალი ბუნების გამო ზოგჯერ მიჭირს კიოტოს სიჩუმესთან შეგუება, თუმცა, ვთვლი რომ საკუთარ თავზე სამუშაოდ და განსავითარებლად ეს სიმშვიდე საუკეთესოა. თავისუფალ დროს ვცდილობ, რომ იაპონიის სხვადასხვა კუთხეებში ვიმოგზაურო მეგობრებთან ერთად და ამ ქვეყნის ყველა სილამაზე ვნახო.
5.გაქვთ თუ რაიმე რჩევები იმ ადამიანებისთვის ვისაც სურთ იაპონიაში სასწავლად წასვლა?
ჩემი რჩევაა, რომ იაპონიის უკიდურესად განსხვავებულმა ცხოვრების წესმა, კულტურამ და ბევრისთვის ძალიან შორმა დისტანციამ, არ შეუშალოს ხელი მათ, ვისაც აქ განათლების მიღების სურვილი აქვს. პირადად მე, აქ ცხოვრებით ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებას ვიღებ, მაქვს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა, ვხვდები განსხვავებულ ადამიანებს, ვდგავარ ახალი გამოწვევების წინაშე, რომლის გადალახვა თავიდან სრულიად წარმოუდგენელი მეჩვენებოდა, თუმცა ახლა აღარც აღვიქვამ სირთულედ. მინდა აღვნიშნო, რომ იაპონიაში ცხოვრება ძალიან უსაფრთხოა, არ გაქვს რაიმეს შიში და შეგიძლია მშვიდად ფოკუსირდე შენს მიზნებზე. ჩემი აზრით, აქ სწავლა ყველასათვის განუმეორებელი გამოცდილება იქნება და გირჩევთ, არ შეშინდეთ და გადადგათ პირველი ნაბიჯი!

