【პროფილი】
ცხოვრობს კიოტოში. სწავლობდა დოშიშას უნივერსიტეტში იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში. სამსახურეობრივი გამოცდილება მიიღო კოდაიჯის ტაძარში მიკოს (ტაძრის მსახურის) რანგში, ასევე ოსაკაში მდებარე ქართულ რესტორანში და კიოტოს ეკონომიკურ ცენტრში. ამ პერიოდში დაქორწინდა იაპონელ მამაკაცზე და შეეძინა ქალიშვილი, მოანა.
―― რა იყო იაპონური ენის შესწავლის მოტივაცია? MEXT (იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სტიპენდიის პროგრამით) დოშიშას უნივერსიტეტში სწავლობდით. როგორ იყო თქვენი სასწავლო პერიოდი და ეტაპები?
ინაბა მარიამი:
ოთხი წლის განმავლობაში თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობდი იაპონურს, როგორც ძირითად მიმართულებას. სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი კომპანიაში, რომელიც მეორად მანქანებს ყიდდა. იაპონიიდან ვყიდულობდით მანქანებს და მე ვამოწმებდი მათ მდგომარეობას.
ამის შემდეგ გადავწყვიტე, მეცადა MEXT-ის კვლევითი პროგრამის გამოცდა. გამოცდებში შედიოდა იაპონური და ინგლისური ენის ტესტები, ასევე გასაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრების დროს ვღელავდი, ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულად ვუპასუხე კითხვებს. წარმატებით ჩავაბარე და მომეცა შესაძლებლობა, სამწლიანი სასწავლო კურსისთვის იაპონიაში წავსულიყავი. იმ პერიოდში, თავად უნდა გამეგზავნა დოკუმენტები სასურველ უნივერსიტეტში და მახსოვს, რაც შეიძლება მეტ უნივერსიტეტს გავუგზავნე დოკუმენტები. საბოლოოდ, ხუთი უნივერსიტეტიდან მივიღე პასუხი, მათ შორის დოშიშას უნივერსიტეტიდანაც.
გულწრფელად , რომ გითხრათ, მინდოდა ტოკიოში წასვლა, თუმცა, თუ დოშიშას უნივერსიტეტში არ მოვხვდებოდი, ვერ შევხვდებოდი ჩემს ქმარს კოსუკეს. ამიტომ , საბოლოოდ ბედნიერი ვარ, რომ დოშიშას უნივერსიტეტში მოვხვდი. იაპონია ჩემი პირველი საზღვარგარეთული გამოცდილება იყო. იაპონიის ვიზის მიღებაც ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, და MEXT-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღებამ ეს ოცნებაც ამიხდინა.
――გაქვთ რაიმე რჩევა იმ ქართველ სტუდენტებსთვის, ვისაც სურს იაპონიის უნივერსიტეტში სწავლა MEXT პროგრამის საშუალებით?
ინაბა მარიამი:
სინამდვილეში, პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც MEXT-ის 5-წლიანი პროგრამის გამოცდაზე შევიტანე განაცხადი, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა. მათემატიკისა და სხვა საგნები შედიოდა გამოცდაში, რაც ჩემი ძლიერი მხარე არ იყო. მესამე კურსზე ასევე შევიტანე განაცხადი ერთწლიანი “ნიკენსენ”-ის პროგრამაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩავაბარე. ორჯერ ვცადე MEXT-ის პროგრამის გამოცდა და ვერცერთხელ ვერ გავედი, მაგრამ გამოცდების სტრუქტურის ცოდნამ და დოკუმენტების მომზადების გამოცდილებამ, საბოლოოდ, MEXT-ის კვლევით პროგრამაზე ჩარიცხვაში დიდი როლი ითამაშა.
რჩევის სახით ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ცდილობდე მანამ, სანამ წარმატებას არ მიაღწევ. გამოცდის რამდენჯერმე ჩაბარება გამოცდილებას გაძლევს და ნერვიულობასაც ამცირებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი დოკუმენტები სწორად და გულმოდგინედ იყოს დაწერილი. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ჩემს დროს დოკუმენტები ხელნაწერი იყო, და ყოველ შეცდომაზე თავიდან მიწევდა გადაწერა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დაწერამდე ფრთხილად გააზრებული და მოწესრიგებული გქონდეს ტექსტი.
――ოგორ იყო დოშიშას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი?
ინაბა მარიამი:
სწავლის პირველ წელს თავს სამოთხეში ვგრძნობდი. იაპონურის გაკვეთილებს ვესწრებოდი და სხვა სტუდენტებთან ერთად ვატარებდი დროს, რაც იაპონიის კულტურის გაცნობაში დამეხმარა. თუმცა, მეორე წლიდან დაიწყო რთული, ჯოჯოხეთური კვლევითი სამუშაოები, რაც სულ სწავლას მოითხოვდა.
უნივერსიტეტში კვლევის დაწყებისთვის საჭირო იყო გამოცდის ჩაბარება, სადაც კვლევის თემაზე იაპონურად უნდა მეპასუხა. ამის შემდეგ გასაუბრება მქონდა. გამსაუბრეებმა ბევრი რამ იცოდნენ საქართველოზე, მათ შორის ფიროსმანზე, ამიტომ საუბარი საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ, წარმატებით ჩავაბარე გამოცდა და კვლევის პროცესი დავიწყე. პირველი წლის მეგობრები უკვე შინ დაბრუნებულები იყვნენ და მხოლოდ მე დავრჩი.ასევე იყო ლექციები შინტოს და ისლამზე, მაგრამ ინგლისურად იკითხებოდა, ამიტომ ეს პრობლემა არ იყო. თუმცა, სხვა იაპონურ ლექციებში ბევრი სიტყვა იყო, რაც არ მესმოდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ გამეგრძელებინა. საბოლოოდ, კოსუკეს დახმარებით, რომელსაც იმ დროს ვხვდებოდი, მოვახერხე სამაგისტრო ნაშრომის დასრულება იაპონურ ენაზე.
――აქართველოში მუშაობდით იაპონური მანქანების იმპორტზე, შემდეგ კი კიოტო სანგიო 21-ში. გაგიჭირდათ თუ არა იაპონიაში სამსახურის პოვნა?
ინაბა მარიამი:
სწავლის პერიოდში, პარალელურად, ინგლისური ენის მასწავლებლად ვმუშაობდი. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, კიოტოში მდებარე კოდაიჯის ტაძარში გიდად დავიწყე მუშაობა. იმ დროს, უცხოელისთვის კიოტოში სამუშაოს პოვნა ძალიან რთული იყო. კოსუკეს ნაცნობების დახმარებით ვიპოვე სამუშაო კოდაიჯის ტაძარში და ექვსი თვის განმავლობაში ვიმუშავე. უცხოელისთვის მუშაობის პროცესში რამდენიმე სირთულე მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან ღირებული გამოცდილება მივიღე.
ამის შემდეგ ვმუშაობდი ქართულ რესტორანში, სახელად Slow’s Delicious, ოსაკაში. აქ მუშაობა დავიწყე ტოკიოში გაცნობილი ადამიანის მეშვეობით. ქართულ საჭმელს ვამზადებდი დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს იყო დიდი გამოცდილება. მომავალში ძლიან მინდა ჩემი ქართული რესტორნის გახსნა .
ამის შემდეგ, სამი წელი კიოტოს სამრეწველო ცენტრში ვმუშაობდი. ამჯერადაც, პირდაპირ სტუდენტობის პერიოდში გაცნობილი ადამიანის დახმარებით მივიღე ინფორმაცია სამუშაოს შესახებ, გავიარე ინტერვიუ და წარმატებით მივიღე სამუშაო ადგილი.
ადამიანების დახმარებით ვიპოვე სამუშაო და ვფიქრობ, რომ მსგავსი კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით , უცხოელისთვის იაპონიაში სამუშაოს პოვნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები და ადამიანებთან ურთიერთობა.
――გაქვთ რაიმე რჩევა ქართველებისთვის, ვისაც სურს იაპონიაში მუშაობა?
ინაბა მარიამი:
ვფიქრობ, მთავარია გქონდეს იაპონიაში მუშაობის სურვილი და მოტივაცია. ძნელია სამუშაოს პოვნა უცხო ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით იაპონიაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მკაფიოდ განსაზღვროთ რისი გაკეთება გსურთ და რისი გაკეთება შეგიძლიათ და გააკეთოთ ის, რაც შეგიძლიათ. ჩემს შემთხვევაში ისეთი დამოკიდებულება მქონდა, რომ თუ შანსი არსებობდა, ჯერ ვცადე და შევისწავლე სხვადასხვა საქმე, რომ გამეგო, რაში ვარ კარგი და რისი კეთება მომწონდა.
ასე რომ, მე ვიმუშავე იტალიურ რესტორანში და რამენის მაღაზიაში. ასევე მნიშვნელოვანია კავშირები. ვფიქრობ, თუ სხვადასხვა ადგილას მუშაობ, შეგიძლია ახალი კავშირების დამყარება რაც დაგეხმარება სამსახურის პოვნაში.
განსხვავებულია. იაპონიაში გავრცელებულია და ძალიან პოპულარულია ელფოსტის კომუნიკაცია საქართველოსგან განსხვავებით.. საქართველოში უფრო ხშირად მუშაობის საკითხებზე პირდაპირ სატელეფონო საუბრები მიმდინარეობს WhatsApp-ის მსგავსი აპლიკაციების საშუალებით, რაც წერილობით ჩანაწერს არ ტოვებს. თუმცა, საქართველოსთვის დადებითი მხარეა ის, რომ საქმეები სწრაფად მიმდინარეობს.
როდესაც იაპონიაში ვმუშაობდი, ყოველთვის მნიშვნელობას ვანიჭებდი შესწავლისა და განვითარების სურვილს. თუ რამეს ვერ გავიგებდი, მაშინვე ვსვამდი კითხვებს და ვცდილობდი განვითარებულიყავი. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისათვის და ძიებისათვის.
――მარიამ თქვენ მოახერხეთ ამ დრომდე საქარტელოს კულტურის გაზიარება კიოტოში. მომავალში რა აქტივობების განხორციელებას გეგმავთ კიოტოში?
ინაბა მარიამი: :
როდესაც ქართულ რესტორნაში ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული პერიოდი იყო,ამასთანავე ეს იყო პერიოდი როცა ყველაზე მეტად ვიყავი აღფთოვანებული. ჭურჭლისა და ინტერიერის დეკორაციის დეტალებზე თავად მივიღე გადაწყვეტილებები და მენიუც რამდენჯერმე შევცვალე. როდესაც სტუმარმა მითხრა, რომ ჩემი მომზადებული საჭმელი გემრიელი იყო, იმ მომნეტში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ამიტომ, მომავალში საკუთარი რესტორნის გახსნა მსურს.
ასევე ვფიქრობ საქართველოდან ხელნაკეთი ნივთების ჩამოტანაზე და იაპონიაში გაყიდვაზე. შემდეგ ჯერზე, როცა საქართველოში დავბრუნდები, მინდა ვცადო რამდენიმე ნივთის ჩამოტანა იაპონიაში და ვნახო, შემიძლია თუ არა მათი გაყიდვა.
საქართველოს ელჩი ლეჟავა იაპონიაში აქტიურად მუშაობს საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ძირითადად ტოკიოში. მან ხუმრობით მითხრა, რომ კანსაიში საქართველოს ელჩი უნდა ვიყოო. 2023 წელს შემეძინა ქალიშვილი მოანა. მე მინდა , რომ აქტიურად ჩავერთო და გავაგრძელო კიოტოში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია.