ლაშა ბოლქვაძე — კულტურული დიპლომატია იაპონური კულტურის ღონისძიებებისა და ადამიანებს შორის ურთიერთობების მეშვეობით ბათუმში–

【პროფილი】

იაპონური ენის ლექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

――რატომ დაიწყეთ იაპონური ენის შესწავლა?

ლაშა სან:იაპონური ენის სწავლა მამაჩემის გავლენით დავიწყე — ის ყოველთვის დიდ პატივს სცემდა იაპონიას. იმ დროისთვის იაპონიაზე ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ მისი საუბრები იაპონური ენის მნიშვნელობაზე ჩემში ინტერესი გამოიწვია.

ბათუმის სკოლა რომ დავამთავრე, იაპონური ენის შესასწავლად თურქეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩავირიცხე. იმ პერიოდში იაპონურის სწავლება საქართველოში პრაქტიკულად არ ხდებოდა, ხოლო იმ კონკრეტულ თურქულ უნივერსიტეტში იაპონური ენა ისწავლებოდა. იაპონური ენას იქ ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ამავდროულად მომავალში დიპლომატიური კარიერის შესაძლებლობაზეც ვფიქრობდი.

――როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ იაპონიაში პირველად სტუმრობისას?

ლაშა სან:იაპონიაში პირველად უნივერსიტეტის მეორე კურსის ზაფხულში ჩავედი, როცა თურქეთის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქ რამდენიმე თვე დავრჩი. იაპონიაში გამგზავრებამდე უკვე მქონდა დიდი სიმპათია ამ ქვეყნის მიმართ, თუმცა საკუთარი თვალით დანახულმა ბევრად გადააჭარბა ჩემს წარმოდგენებს.

თურქეთის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კვლავ დავბრუნდი იაპონიაში, ამჯერად იაპონური ენის სასწავლო სკოლაში. ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გზა იყო იაპონიის უკეთ გასაცნობად. სხვადასხვა ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას, ვსტუმრობდი ტაძრებს, ვმოგზაურობდი იაპონიის მრავალ რეგიონში — მათ შორის ოკინავაშიც — და ამ გამოცდილებითა და ადამიანებთან უშუალო ურთიერთობებით ისეთ რამეებს ვსწავლობდი, რასაც ვერცერთი სახელმძღვანელო ვერ გადმოსცემდა.

საწყისში მქონდა გეგმა, რომ ენის სკოლაში სწავლის შემდეგ იაპონიაში მაგისტრატურაც და დოქტორანტურაც დამემთავრებინა და დიპლომატიაში გამეგრძელებინა კარიერა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში დაბრუნება დამჭირდა. ბათუმში დავიწყე მუშაობა, თუმცა იაპონიასთან დაკავშირებული ინტერესები არ დამვიწყებია და მუდამ მქონდა სურვილი იაპონურ სფეროში მომევლო პროფესია.

ბოლოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, 2019 წელს ოფიციალურად გავწევრიანდი იაპონური ენის პროგრამაში და აქტიურად დავიწყე იაპონური ენის სწავლების პროცესში მონაწილეობა.

―― გვითხარით იაპონური ენის სწავლების შესახებ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში?
ლაშა სან:ამჟამად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონურს კვირაში ორჯერ ვასწავლი. თითოეული გაკვეთილი ორი საათის განმავლობაში გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ერთ სემესტრში სულ 60 საათს ვასწავლი იაპონურს. დაახლოებით 30 სტუდენტია რეგისტრირებული, საიდანაც 10-მდე განსაკუთრებით მოტივირებული და ერთგულია სწავლის მიმართ.

უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე იაპონურს სახლში ვასწავლიდი, არაოფიციალურად, თითქმის რეპეტიტორის ფორმატში. ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა უნივერსიტეტში იაპონურის ოფიციალური სწავლის შესაძლებლობა მომეცა.

უკვე ექვსი წელია, რაც იაპონური ენის კურსები მოქმედებს უნივერსიტეტში. პირველ წლებში მრავალი რამ ახალი და უცნობი იყო ჩემთვის, თუმცა დღეს უკვე ვფიქრობ, რომ 100-ზე მეტ სტუდენტს ვასწავლე იაპონური. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც იაპონური ენის გამოცდაზე — JLPT N1 დონესაც კი გაუმკლავდა. სწორედ ასეთი მიღწევები მაძლევს დიდ სტიმულს და სიხარულს ამ საქმეში.

――გვითხარით ყოველ ზაფხულს ბათუმში გამართულ იაპონური კულტურის ყოველწლიურ ღონისძიებაზე?
ლაშა სან: 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ იაპონური კულტურის ღონისძიებას ბათუმში. მიზანი არის იაპონური კულტურისადმი ინტერესის გაღვივება და იაპონური ენის სწავლის მოტივაციის გაზრდა.

ღონისძიება მოიცავს იაპონური სიმღერებისა და ტრადიციული ცეკვების შესრულებებს, კალიგრაფიისა და კარატეს დემონსტრაციებს, ასევე სხვადასხვა იაპონურ თემაზე მოწყობილ სტენდებს. ეს ღია ფორმატის ღონისძიებაა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს თავისუფლად გააცნოს თავი იაპონურ კულტურას.

ვფიქრობ, ამგვარი ღონისძიებების ორგანიზება მნიშვნელოვანია, რადგან ის გამოხატავს, თუ როგორ აღიქვამს და როგორ უკავშირდება საქართველო იაპონიას. ჩემი აზრით, ეს კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთი სახეა.

――თქვენი აზრით, რა არის უმთავრესი იაპონიასა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისთვის? 
ლაშა სან:ვფიქრობ, ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ორი ქვეყნის კავშირის გაღრმავებაში. იქნება ეს კულტურის, განათლების თუ ბიზნესის სფერო — ყველაფერი საბოლოოდ ადამიანურ კავშირებზეა დამყარებული.

რა თქმა უნდა, ოფიციალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ჩემი აზრით, გარკვეული თვალსაზრისით, თითოეული ადამიანი წარმოადგენს თავისი ქვეყნის სახესა და ელჩს. სწორედ ამიტომ, ასეთი პირადი ურთიერთობები და ადამიანური კავშირები იძლევა შესაძლებლობას, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა კიდევ უფრო სწრაფად, ძლიერად და ღრმად განმტკიცდეს.