【პროფილი】
ტექ-დიპლომატი, მკვლევარი მეცნიერი, SDG Global Leader პროგრამა (კიოტო),კიოტოს ტეკნოლოგიის ინსტიტუტიის PhD კანდიდატი
①რა პროგრამით ჩამოხვედით იაპონიაში?
2024 წლის ზაფხულში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ჩამოვედი კიოტოში, იაპონიაში. გავიმარჯვე კონკურსში, SDG Global Leader, რომელიც ითვალისწინებს ისეთ პროექტზე მუშაობას, რაც დადებით გავლენას მოახდენს საზოგადოებასა და გარემოზე.
მე მქონდა წარსულში გამოცდილება , თუ რას ნიშნავს იყო ეტლით მოსარგებლე და მას შემდეგ მაფიქრებს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება
ჩემი კვლევა ორიენტირებულია ინკლუზიური ინოვაციების ეკოსისტემების შესწავლაზე. ტოკიოსგან განსხვავებით, კიოტო გამოირჩევა სიმშვიდით და არასტრესული ატმოსფეროთი. ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ, სტატისტიკის მიხედვით იაპონიაში, შშმ პირების 70% მენტალური ან კოგნიტური შეზღუდვების მატარებელია, ამან ძალიან დამაინტერესა და ჩემი კვლევაშიც შშმ დეფინიცია ამ მიმართულებით განვსაზღვრე. თანაც იაპონური მენტალური ჯანმრთელობის სავარჯიშოები ძალიან მიტაცებდა. ქალაქის არჩევაშიც ისე გამიმართლა, კიოტო, კამოგავას მდინარე, ათასობით ე.წ. Zen ბაღი და სწრაფი ინტერნეტი ყველგან, კვლევის იდეალურ გარემოს ქმნის. ამ ახალ გარემოში მიღებულ ცოდნას ვიყენებ, საზოგადოებაზე დადებითი სოციალური გავლენის პოტენციალის მქონე ექსპერიმენტებში.

②თქვენი პროგრამის ფარგლებში ამჯამად რას საქმიანობთ იაპონიაში?
ვარ ევროპის ინოვაციების საბჭოს ელჩი;გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ინოვაციების კონკურენციის და საჯარო-კერძო პარტნიორობის საბჭოსმოადგილე; 5 წელზე მეტია ვმუშაობ ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით და პარალელურად ჩართული ვარ კანსაის რეგიონის და ტოკიოს სტარტაპ აქტივობებში. ასევე ვარ ასოცირებული პროფესორი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში; ასევე ვეუფლები იკიგაის მენტორთა უნარებს, რაც მართალია ჰობია, მაგრამ ძალიან მეხმარება როცა მენტალური და კოგნიტური შეზღუდვების ქეისებზე ვმუშაობ.
ვიკვლევ იაპონურ სუბკულტურებში განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიერ ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის ეფექტს, ასევე, რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე კულტურული, ფილოსოფიური და ტექნოლოგიური კონტექსტი. მაგალითად, ოკინავას სუბკულტურაში, არის პრაქტიკა, სადაც განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანიები გარემოს გადარჩენისთვის მარჯნების კონსერვაციისთვის შრომობენ. სტრესისგან გადაღლილი, ან კონკრეტული მენტალური დიაგნოზის მქონე ადამიანები, პატარა აკვარიუმებში ახალ მარჯნებს ზრდიან და უვლიან, სმენა შეზღუდული ადამიანები, ტაიფუნით განადგურებულ ადგილებში ოკეანის ფსკერზე საქმიანობენ და მარჯნებს თავიდან ახარებენ, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები, პროცესების მენეჯმენტში იღებენ მონაწილეობას, მცირედ ცვლილებასაც ამჩნევენ ამ პროცესში და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწაში არიან ჩართულნი. ამ ეტაპზე, კვლევამ აჩვენა, 7 ახალი ინოვაცია, რომელიც ამ სუბკულტურაში შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებმა შექმნეს, ძალიან საინტერესო პროცესია და ამ ინოვაციური სერვისების დიზაინის სხვა ეკოსისტემაში გადმოტანის საშუალებას იძლევა.

③რა არის განსხვავება და მსგავსება საქართველოსა და იაპონიის შორს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
იაპონურ საზოგადოებაში შესამჩნევია ინდივიდებსა და მათ როლებს შორის ურთიერთშემავსებელი ეფექტი. ეს თანაარსებობის და თანამშრომლობის კულტურა საზოგადოებრივ მთლიანობას უმნიშვნელოვანეს საყრდენს აძლევს. ასევე, ისეთი უნიკალური იაპონური ფილოსოფიები, როგორიცაა ვაბი-საბი, იკიგაი, მონო ნო ავარე და სხვა უთვალავი შეუფასებელი სიბრძნე… ღრმად არის განმტკიცებული როგორც მეცნიერებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჰარმონიისა და სილამაზის ძიების იდეალებით.
გარდა ამისა, მინიმალიზმის ესთეტიკა ფართოდ არის აღიარებული იაპონიაში, სადაც სიმარტივისა და მცირე რაოდენობის ნივთების ღირებულება ახდენს გავლენას ცხოვრების წესსა და დიზაინზე. ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ მომენტებში ბედნიერების პოვნის ეს პერსპექტივა კი იაპონიის განსაკუთრებული თვისებაა.
ასეთი კულტურული ღირებულებები იაპონიას უნიკალური სოციალური მდგრადობის და სიმდიდრის მქონე ქვეყანად აქცევს, რომელსაც მსოფლიოზე გავლენის მოხდენის უნარიც გააჩნია.

④რას გეგმავთ მომავალში იაპონიაში ცხოვრების შემდეგ?
ჩემი მიზანია მოვახდინო ე.წ. “მეფფინგი” ინკლუზიური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების რადგან სამომავლოდ მყარი საფუძვალი ჰქონდეს ინკლუზიურ ფონდს, რომელიც ასეთ ინოვაციებს დააფინანსებს.
მაქვს მიზნები, რომლებსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად მინდა მივაღწიო. ერთ-ერთი მათგანი იაპონიაში მიღებული გამოცდილების, ნასწავლი და გამოკვლეული ცოდნის საქართველოსთვის გაზიარებაა. მსურს, ის ახალი შეხედულებები და აზროვნების სტილი, რაც იაპონიაში ყოფნის დროს შევიძინე, პრაქტიკაში გამოვიყენო. განსაკუთრებით, ვეძებ გზებს, თუ როგორ შეიძლება თეორიული და აკადემიური ცოდნა საზოგადოებისთვის პრაქტიკულად გამოსაყენებელი გავხადოთ.
მწამს, რომ შშმ პირების უნიკალურ ხედვებს აქვს პოტენციალი, ახალი ინოვაციები შექმნას. საქართველოსთვის ვცდილობ, შევისწავლო, როგორ შეიძლება ეს ინოვაციები ეფექტურად დაინერგოს საზოგადოებაში.
ცოტა უფრო არასემიცნიერო მიზნებს და ოცნებებებს რაც შეეხება, მინდა იაპონური თამაშების ცენტრში პოპულარული რიტმის თამაშების საქართველოსთვის გაცნობა. ჩემი შვილი ხშირად თამაშობს ამ თამაშებს იაპონიაში ყოფნისას და ამ თამაშებს ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის პოზიტიური გავლენა აქვთ. ეს თამაშები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ამ ახალი გამოცდილების გაზიარებით, მსურს არა მხოლოდ სიამოვნების, არამედ ქართველი ხალხის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაშიც შევიტანო წვლილი.

⑤გაქვთ რაიმე მესეჯი იმ ქართუველებისთვის ვისაც უნდა მუშაობა ან სწავლა იაპონიაში?
მოდი ჩემს მესიჯს, მივუძღვნი იმ ადამიანებს, ვისაც ეს კულტურა აინტერესებს და ენა არ იცის და გავამხნევებ მათ – ენის ცოდნის გარეშეც შეგიძლიათ ჩამოსვლა. მე ერთი წელია რაც ვეუფლები იაპონურ ენას, იქამდე, იაპონური ენის ცოდნის გარეშე აქ ჩამოსვლა, მართლაც დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, შევამჩნიე, რომ აქაური ადამიანები მუდამ კეთილგანწყობილი და დახმარებისათვის მზად იყვნენ. ამ ქვეყანაში ცხოვრებით მე ვიგრძენი, რომ ადამიანების სითბო სიტყვებსაც კი სცილდება.
კიოტოში “ფილოსოფოსების ბილიკზე” მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ახლა უკვე ჩემს საუკეთესო მეგობარ ქალბატონს, რომელმაც მოგვიანებით თავის ნახატების გამოფენაზე დამპატიჟა და იაპონური დამწერლობის სწავლაში გასამხნევბლად, მაჩვენა, როგორ გამოწერა ქართული ასოები… ამან ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იაპონელი ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთის კულტურის პატივისცემისადმი დიდი შთაგონება იყო ჩემთვის და კიდევ უფრო გამიზარდა მოტივაცია, გავაღრმავო ჩემი გაგება იაპონური ენის და კულტურის მიმართ.
მე მჯერა, რომ არსებობს ადამიანებს შორის კავშირები, როცა გული ენასა და სხვა ბარიერებს სცილდება.
