【პროფილი】
ჯაბა მესხიშვილი (დოქტორი).ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონიის ცენტრის დირექტორი.
① რა გახდა თქვენი ინტერესის მიზეზი იაპონიისა და იაპონური ენის მიმართ?
იაპონიის შესახებ ჩემი ინტერესი სკოლის პერიოდს უკავშირდება. ზოგადად, ყოველთვის მაინტერესებდა იაპონია, მისი კულტურა და განვითარებული ტექნოლოგიები, თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი ინტერესი იყო და მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იაპონია ჩემს ცხოვრებასთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული ნაწილი გახდებოდა.
ერთ დღეს, მამაჩემის რჩევით, წავიკითხე წიგნი, რომელიც 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში ცუშიმას ბრძოლაში რუსული სამხედრო ესკადრის განადგურებას ეხებოდა. წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ იაპონია მართლაც განსაკუთრებული ქვეყანა იყო – ქვეყანა, რომელმაც შეძლო იმ დროისთვის უზარმაზარი დასავლური იმპერიის დამარცხება.
ამის შემდეგ იაპონიის მიმართ ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა და გადავწყვიტე, ეს ქვეყანა უფრო ახლოს გამეცნო. წავიკითხე ცნობილი იაპონელი მწერლები – რიუნოსკე აკუტაგავას, კენძაბურო ოეს, იასუნარი კავაბატას, კობო აბესა და სხვათა ნაწარმოებები, ასევე დავიწყე იაპონიის კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა. ამ ყველაფერმა იაპონიის მიმართ ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა და გადავწყვიტე, მისი უკეთ გასაცნობად იაპონური ენა მესწავლა.
სწორედ ამ მიზნით, 2001 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და დავიწყე იაპონური ენის შესწავლა.

② თქვენ კვლევითი სტიპენდიით სწავლობდით კობეს უნივერსიტეტში. რა სახის კვლევით საქმიანობას ეწეოდით იქ?
2010 წელს იაპონიის მთავრობის (MEXT) „მკვლევარი სტუდენტის“ სტიპენდია მოვიპოვე, რომლის მეშვეობითაც კობეს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შევძელი სწავლის დაწყება. მაგისტრატურაში ჩემი საკვლევი თემა „სამხედრო დახმარების შესახებ კანონის“ მიღების ისტორიისა და საკითხების შესწავლა იყო.
თუმცა, უფრო საინტერესო და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვლევა დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში მქონდა. სწორედ დოქტორანტურაში დავუბრუნდი იმ თემას, რომელმაც თავის დროზე იაპონიის მიმართ ჩემი ინტერესი გააღვივა. ჩემი სადოქტორო ნაშრომის თემა იყო „მე-20 საუკუნის დასაწყისის იაპონია-საქართველოს ურთიერთობების ისტორია“. კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსეთ-იაპონიის ომს (1904-1905) ეხებოდა, ხოლო მეორე ნაწილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) პერიოდში იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შესწავლას დავუთმე.
მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო რუსეთის იმპერიამ დაიპყრო და მის შემადგენლობაში მოაქცია. შესაბამისად, როდესაც 1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო, ქართველების გარკვეული ნაწილი, რომელიც რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა, იძულებული გახდა, ომში წასულიყო. ჩემი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დამედგინა, თუ როგორი იყო იმ პერიოდში ქართველების დამოკიდებულება, არამხოლოდ რუსეთ-იაპონიის ომის, არამედ ზოგადად იაპონიის მიმართ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართველები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდნენ, ხოლო მათი ნაწილი რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით იაპონიის წინააღმდეგ ომში იყო გაგზავნილი, ფარულად მხარს უჭერდნენ მათთვის იმ დროისთვის თითქმის უცნობი ქვეყნის – იაპონიის გამარჯვებას. ამის მთავარი მიზეზი იყო ის რომ რუსეთის იმპერია ქართველებისა და იაპონელებისთვის საერთო მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა.
უფრო მეტიც, ქართველი პატრიოტის, საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფ „საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის“ ლიდერის გიორგი დეკანოზიშვილისა და რუსეთის იმპერიაში იაპონიის ყოფილ სამხედრო ატაშეს, დაზვერის პოლკოვნიკ მოტოჯირო აკაშის თანამშრომლობის შედეგად, ქართველებისა და იაპონელების ინტერესები გარკვეულ ეტაპზე ერთმანეთს დაემთხვა. ქართველებმა იაპონური ფინანსური დახმარებით შვეიცარიაში იარაღი შეიძინეს და საქართველოში გამოგზავნეს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლისა და აჯანყების მოსამზადებლად, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.
სამწუხაროდ, იმ პერიოდში ქართველებმა დამოუკიდებლობის აღდგენა ვერ მოახერხეს. თუმცა, 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მაინც აღადგინა და იაპონია ერთ-ერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო. უფრო მეტიც, როდესაც 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო, იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
სწორედ ამ ისტორიის კვლევამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად საინტერესო და მრავალმხრივი იყო და არის იაპონია-საქართველოს ურთიერთობები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების ისტორიის უკეთ შესწავლა.

③ იაპონიაში ცხოვრების პერიოდში ყველაზე დასამახსოვრებელი რა იყო თქვენთვის?
კონკრეტულად რომელიმე ერთი მოგონების გამორჩევა გამიჭირდება, რადგან იაპონიაში გატარებულ შვიდ წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სასიამოვნო მომენტი უკავშირდება. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად ჩემს მეხსიერებაში მაინც ადგილობრივი მოსახლეობა და მათი ჩემს მიმართ დამოკიდებულება დარჩა.
იაპონელები ყოველთვის განსაკუთრებული კეთილგანწყობით მექცეოდნენ და უცხო ქვეყანაში ყოფნის მიუხედავად, ხშირად ისე მაგრძნობინებდნენ თავს, თითქოს უცხო გარემოში არც კი ვიყავი. თუ რაიმე დახმარება მჭირდებოდა, ყოველთვის ცდილობდნენ, გვერდით დამდგომოდნენ და შეძლებისდაგვარად დამხმარებოდნენ. ვფიქრობ, სწორედ ადამიანებთან ურთიერთობამ აქცია იაპონიაში გატარებული წლები ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფას და დაუვიწყარ პერიოდად.
თუმცა, არანაკლებ მენატრება იაპონიის ქალაქები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც თავისი სილამაზითა და შთამბეჭდაობით განსაკუთრებულად დამამახსოვრდა. ფოტოების გადაღება ჩემი ჰობია და იაპონიაში ყოფნისას ეს ქვეყანა ჩემთვის თითქოს უსასრულო ფოტოგრაფიულ თავგადასავლად იქცა. ირგვლივ იმდენი ულამაზესი ადგილი იყო, რომ მათი სრულად აღბეჭდვა ფოტოებზე შეუძლებელი მეჩვენებოდა. ყველგან სადაც არ უნდა გაგეხედა, სავსე იყო საოცარი და შთამბეჭდავი ობიექტებით, რომლის ფოტოს გადაღების სურვილიც აუცილებლად გაგიჩნდებოდა.

④ თქვენ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლით იაპონურ ენას. ხომ არ გაგვაცნობთ, როგორ მიმდინარეობს იაპონური ენის სწავლება თქვენს უნივერსიტეტში?
2017 წელს კობეს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. დაბრუნების შემდეგ შევხვდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, ბატონ გიგა ზედანიას, და გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ გიორგი სანიკიძეს. მათ შემომთავაზეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული იაპონური ცენტრის აღდგენა, რომელიც 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა და იაპონური ენის სწავლების განახლება. ამ საინტერესო შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი.
იმავე წლიდან გავხდი იაპონური ცენტრის ხელმძღვანელი და დავიწყეთ იაპონური ენის სწავლება. თავდაპირველად მხოლოდ N5 და N4 დონეებს ვასწავლიდით, თუმცა 2019 წლიდან პროგრამას N3 დონეც დავამატეთ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენისა და იაპონიის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, ამიტომ ჯგუფები ყოველწლიურად სწრაფად ივსება.
იაპონურ ენას ძირითადად მე ვასწავლი, თუმცა 2022 წლიდან JICA-ს მოხალისე ლექტორების პროგრამაშიც ჩავერთეთ. ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს, უშუალოდ იაპონელმა ლექტორმა ქართველ სტუდენტებს კვირაში ერთხელ იაპონური ენის დამატებითი გაკვეთილები ჩაუტაროს, რაც მათ სასაუბრო უნარების გაუმჯობესებაში ეხმარებათ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იაპონური ენის სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად ეხმარება და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენის სწავლების წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეფასების კრიტერიუმად, ვფიქრობ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი კურსდამთავრებულების მიერ იაპონიის მთავრობის MEXT-ის „მკვლევარი სტუდენტის“ სტიპენდიების მოპოვება. 2023 წლიდან ფაქტობრივად ყოველწლიურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ ერთი კურსდამთავრებული იღებს ამ სტიპენდიას. ამჟამად ამ სტიპენდიის ფარგლებში ჩვენი რამდენიმე კურსდამთავრებული იმყოფება იაპონიაში. ისინი სწავლობენ ოსაკას, ვასედასა და სეიკას უნივერსიტეტებში, როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო საფეხურებზე. 2026 წლის ოქტომბრიდან მათ კიდევ ერთი ჩვენი კურსდამთავრებული შეუერთდება, რომელიც ასევე MEXT-ის სტიპენდიით ცუკუბას უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობა აქვს იაპონიის რამდენიმე უნივერსიტეტთან, რომლებთანაც გაფორმებული გვაქვს მემორანდუმები. მათ შორისაა ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, კანაგავას უნივერსიტეტი და ცუკუბას უნივერსიტეტი.
განსაკუთრებით მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს ცუკუბას უნივერსიტეტთან. 2026 წლის მაისში გავხსენით ილია-ცუკუბას თანამშრომლობის ცენტრი, რაც ჩვენი უნივერსიტეტების ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ ცუკუბას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში 2026 წლის შემოდგომაზე ორი ჩვენი სტუდენტი მიემგზავრება სასწავლებლად: ერთი სტუდენტი სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის, ხოლო მეორე მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში გააგრძელებს სწავლას ცუკუბას უნივერსიტეტში.
იმისთვის, რომ იაპონიით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უკეთ გაიცნონ იაპონია და მისი კულტურა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პერიოდულად ვმართავთ სხვადასხვა საჯარო ლექციას, შეხვედრასა და ღონისძიებას. 2017 წლიდან დღემდე არაერთ საინტერესო თემას შევეხეთ, მათ შორის იკებანას, ორიგამის, იაპონურ სამოსს, იაპონურ ლიტერატურას, იაპონიის კულტურას, განათლების სისტემას, ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკასა და ტურიზმს. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიებები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, იაპონია მხოლოდ ენის შესწავლის საშუალებით კი არა, მისი კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე განვითარების სხვადასხვა მიმართულების გაცნობითაც აღმოაჩინონ.

⑤ რა რჩევას მისცემდით იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც იაპონიაში სწავლის ან იაპონიასთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობის სურვილს გამოთქვამენ?
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. იაპონური ენის სწავლა და იაპონიაში მუშაობა მარტივი არ არის, რის გამოც ამ საკითხს ორ ნაწილად გავყოფ:
1. იაპონური ენის შესწავლა
იაპონური ენის სწავლა მარტივი ნამდვილად არ არის. მისი ათვისება მხოლოდ იაპონური ენის გაკვეთილებზე დასწრებითა და შემდეგ შინ ერთი საათით მეცადინეობით რთულია. თუ გადაწყვეტთ იაპონური ენის შესწავლას, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ყოველდღიურად მოგიწევთ ბეჯითად მუშაობა.
მე ყოველთვის ვურჩევ ჩემს სტუდენტებს, რომ მხოლოდ ლექციებზე დასწრება და მიცემული დავალებების კარგად შესრულება საკმარისი არ არის. იაპონური ენის შესწავლისთვის აუცილებელია, დამატებით დამოუკიდებელი მუშაობაც. მაგალითად, იაპონურ ენოვანი ვიდეოების ყურება, სიმღერების მოსმენა და სხვადასხვა მასალის კითხვა. ასევე, თუ შესაძლებლობა ექნებათ, რეკომენდებულია იაპონელებთან ურთიერთობაც. გარდა ზემოთ აღნიშნული რჩევებისა, მნიშვნელოვანია მცირე, კონკრეტული მიზნების დასახვა და მათი სისტემატურად შესრულება. მაგალითად, წინასწარ განსაზღვრონ, კვირაში რამდენ კანჯის და სიტყვას დაიმახსოვრებენ.
მათ, ვისაც იაპონელებთან ინტენსიური ურთიერთობის შესაძლებლობა არ აქვთ, განსაკუთრებით ვურჩევ, ნასწავლი მასალა პერიოდულად გაიმეორონ, რათა დროთა განმავლობაში არ დაავიწყდეთ. სწორედ ასეთი თანმიმდევრული და ყოველდღიური მუშაობა ეხმარებათ სტუდენტებს იაპონური ენის მაღალ დონეზე შესწავლაში. ვინც ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა და სწავლის პროცესს პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, საკმაოდ მაღალ დონეზე შესძლო იაპონური ენის შესწავლა.
2. იაპონიაში მუშაობა და ცხოვრება
იაპონიაში მუშაობა და ცხოვრება ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ბევრი ქართველი ოცნებობს იაპონიაში ცხოვრებასა და მუშაობას. გლობალიზაციის პირობებში, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კარიერის შექმნის მეტი შესაძლებლობა მიეცათ. ბუნებრივია მათ შორის არის იაპონიაც.
თუმცა, ჩემი აზრით, იაპონიაში წარმატებული პროფესიული კარიერის შექმნისთვის მხოლოდ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა და შესაბამის პროფესიულ სფეროში კვალიფიციური სპეციალისტობა საკმარისი არ არის. იაპონიაში სამუშაოდ წასვლის მსურველისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ იაპონური ენისა და ადგილობრივი კულტურის გარკვეული ცოდნაც.
იაპონიაში სამუშაოდ წასვლის მსურველებს ვურჩევ ქვეყანაში გამგზავრებამდე მინიმუმ იაპონური ენის N4 დონეზე შესწავლას. ეს მათ საშუალებას მისცემს, იაპონიაში ჩასვლის შემდეგ მინიმალურ დონეზე მაინც შესძლონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. გარდა ამისა ენის ცოდნა დაეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად მოგვარებაში და შემდგომში იაპონური ენის უკეთ სწავლაში.
გარდა ენის შესწავლისა, აუცილებელია იაპონურ საზოგადოებაში არსებული ქცევის წესებისა და ეტიკეტის გაცნობაც. ეს ხელს შეუწყობთ, უფრო მარტივად მოახდინონ ახალ გარემოსთან ადაპტაცია და თავიდან აიცილონ, ისეთი შემთხვევები, როდესაც კულტურული განსხვავებების გამო, უნებლიეთ, ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვიონ ან კანონი დაარღვიონ.
საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარებამ, ასეთი ინფორმაციის მოძიება მნიშვნელოვნად გაამარტივა და დაინტერესების შემთხვევაში უამრავი სასარგებლო მასალის მოძიებაა შესაძლებელი: იაპონიაში ცხოვრების, მუშაობის, საზოგადოებაში მოქცევისა და ადგილობრივი წესების შესახებ. ამიტომ, ჩემი აზრით, იაპონიაში გამგზავრებამდე დაინტერესებულ ადამიანებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ საჭირო ინფორმაციის მიღება და მომზადება იმ გარემოსთვის, რომელშიც მათ ცხოვრება და მუშაობა მოუწევთ.


