【პროფილი】
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხების მიღების შემდეგ, იაპონიასთან დაკავშირებულ სფეროში საქმიანობდა. ამჟამად სწავლობს ცუკუბას უნივერსიტეტში (University of Tsukuba) MEXT-ის (იაპონიის მთავრობის სტიპენდიის) პროგრამის ფარგლებში, როგორც იაპონიის მთავრობის სტიპენდიატი. 2026 წლიდან აგრძელებს კვლევით საქმიანობას იაპონიაში.
① რამ დაგაინტერესათ იაპონია? ასევე, როგორ ისწავლეთ იაპონური ენა?
იაპონიით ალბათ პირველად დავინტერესდი, როდესაც მამაჩემს დაბადების დღეზე კატანა აჩუქეს. მაქედან წამოვიდა ჩემი დაინტერესება ჯერ სამურაებით, და შემდეგ უკვე იაპონური კულტურით მთლიანობაში. თავიდან სწავლა დავიწყე ზურაბ ჯამაგიძე სენსეისთან და კონკრეტული პერიოდის შემდეგ უკვე თვითონ გავაგრძელე სწავლა.
② იაპონური ენის გამოყენებით, რა სახის საქმიანობასა და სამუშაოებში გიმუშავიათ აქამდე?
აქამდე იაპონური ენის გამოყენებით ვმუშაობდი თარჯიმნად. ასევე, დავხმარებივარ იაპონურ კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებაში და მქონია შესაძლებლობა, ქართული ღვინის იაპონიაში პოპულარიზაციაზეც მემუშავა. თუმცა, ალბათ, ყველაზე გამორჩეული გამოცდილება იაპონიის საელჩოში მუშაობა იყო, სადაც კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ვმუშაობდი.
③ თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იაპონურის გამოყენებით მუშაობისას?
იაპონური საკმაოდ რთული ენაა, ამიტომ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რომ არ მოგერიდოთ კითხვების დასმის ან განმარტების თხოვნის, თუ კი რამე ვერ გაიგეთ.
④ ვახო სან, ამჟამად MEXT-ის სტიპენდიის ფარგლებში იაპონიაში კვლევით საქმიანობას ეწევით. როგორია თქვენი კვლევითი ცხოვრება იაპონიაში? ასევე, რა რჩევას მისცემდით ქართველ სტუდენტებს, რომლებიც მომავალში MEXT-ის სტიპენდიის მოპოვებას გეგმავენ?
MEXT პროგრამას რაც შეეხება, ალბათ, ყველას განსხვავებული გამოცდილება ექნება კვლევის სფეროს მიხედვით. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩემი კვლევა ძირითადად რელევანტური მასალების შეგროვებისა და ანალიზისგან, ასევე ჩემს ხელმძღვანელთან ხშირი კომუნიკაციისგან შედგება.
MEXT-თან დაკავშირებით რჩევას რაც შეეხება, პირველ რიგში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულები იყვნენ. ასევე, კარგად მოემზადონ გამოცდისთვის და მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები.
⑤ მომავალში, რა სახის საქმიანობების განხორციელებას გეგმავთ საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად?
მომავალში, იაპონიაში მიღებული ცოდნის მეშვეობით მსურს ჩემი წვლილი შევიტანო იაპონია-საქართველოს ურთიერთობების გაფართოებაში, იქნება ეს კერძო თუ საჯარო სფერო.

