ანანო ბუბთეიშვილი “მინდა მანგას საშუალებით საქართველო და იაპონია ერთმანეთს დავაახლოო”

【პროფილი】

26 წლის. ამჟამად სწავლობს კიოტოში, კიოტო სეიკა უნივერსიტეტში, როგორც მანგა მკვლევარი და ხატავს საკუთარ მანგას საქართველოს ინსპირაციით. 

①რა გახდა თქვენი ინტერესის მიზეზი იაპონიისა და იაპონური ენის მიმართ?

ჩემი პირველი შეხება იაპონიასთან და იაპონურთან ანიმეთი მოხდა, როგორც უმეტესობის ალბათ. ერთ-ერთ რუსულ არხზე ვუყურებდი პოკემონებს და Shaman King-ს და ძალიან მომწონდა. უბრალოდ, რუსულ ენაზე იყო ნათარგმნი და თავიდან რუსული ანიმაციები მეგონა.

მერე ქართულადაც გადმოიტანეს ქართულ არხებზე რამდენიმე ანიმე და იმდენად მომეწონა და მინდოდა მენახა გაგრძელება, ყოველ კვირა ტელევიზორში რომ არ დავლოდებოდი, რომ მოვძებნე ინტერნეტში და აღმოვაჩინე, რომ იაპონური ანიმე იყო და არა რუსული ანიმაცია. მაშინ კიდევ უფრო ყურადღებით მოვუსმინე იაპონურ მუსიკასაც და ზუსტად მუსიკით გამიჩნდა იაპონიის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი. 

ხოლო იაპონურის სწავლა საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა ჯგუფი SCANDAL აღმოვაჩინე. ძალიან მინდოდა გამეგო მათი ინტერვიუების ყურებისას, რაზე ლაპარაკობდნენ. მინდოდა მცოდნოდა, რას ნიშნავდა მათი სიმღერები, ამიტომ სერიოზულად სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მესწავლა იაპონური.

② რა გააკეთეთ MEXT-ის გამოცდისთვის მოსამზადებლად? და გაქვთ რაიმე რჩევა წარმატებით ჩასაბარებლად?

მექსთისთვის რომ ვთქვა რამე განსაკუთრებული სამზადისი გავიარე მეთქი…ვერ ვიტყვი. სანამ გამოცდაზე გავიდოდი, ძალიან ბევრი გამოცდილება დავაგროვე იაპონელ ხალხთან რეალურ ურთიერთობებში. ვმუშაობდი იაპონელების გიდად, იაპონურ ბარში, სადაც მუდმივად მქონდა მათთან კონტაქტი და ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობდი ენაშიც, იაპონურ კულტურასა და თვითონ ხალხზე. 

ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარა გამოცდის ჩაბარებაში. თუმცა, ყველაზე დიდი წარმატება რამაც მომიტანა, ეს არის ჩემი გულწრფელი სიყვარული იაპონიისა და იმ საქმის მიმართ, რის სასწავლადაც ჩამოვედი იაპონიაში. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მანგა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. 

ალბათ 7 წლიდან ვოცნებობდი, რომ მანგა არტისტი გამოვსულიყავი და ამ სფეროს და საქმიანობის მიმართ არასდროს დამიკარგავს არც სიყვარული, არც ინტერესი და არც არასდროს დამნანებია შრომა. არასდროს დავნებებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არარეალურად მეჩვენებოდა ძალიან ხშირად ამ მიზნის მიღწევა. 

ჩემი რჩევაც ალბათ ეს იქნება, სიყვარული და ინტერესი იმის მიმართ, რაც გინდა რომ ისწავლო და არასდროს დანებდე.

③ ამჟამად იაპონიაში სწავლობთ. რა მიმართულებით ატარებთ კვლევას?

ჩემი ამჟამინდელი საკვლევი თემა იაპონიაში არის “საქართველო მანგაში – როგორ გადმოვცეთ საქართველოს კულტურა, ისტორია და ტრადიციები მანგას საშუალებით?”

იმისათვის, რომ ეს კვლევა ჩავატარო, ვიძიებ და ვიგებ ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას ორივე ქვეყნის შესახებ. მოძიებული ინფორმაციით კი ვხატავ მანგას, სადაც ძირითადი აქცენტი არის საქართველოზე.

④ იაპონიაში სწავლის დასრულების შემდეგ რა მიზნები გაქვთ?

იაპონიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ძალიან მინდა განვაგრძნო მანგას ხატვა იაპონიაში, რათა იაპონურ გამომცემლობებს და მკითხველს დავანახო ახალი სამყარო მანგაში საქართველოს სახით, ავამაღლო ჩვენს შესახებ ცოდნა და ინტერესი გავუჩინო ჩვენი ქვეყნის მიმართ იაპონელ მკითხველს. 

მერე კი ქართველ ბავშვებსაც შევუწყო ხელი იმ ცოდნის მიღებაში, რასაც მე ვიღებ აქ და ამით ორივე ქვეყანა კიდევ უფრო დავაახლოვო ერთმანეთთან.

⑤ გაქვთ რაიმე რჩევა იმ ქართველ სტუდენტებისთვის, რომლებიც იაპონიაში სწავლასა და მუშაობას გეგმავენ?

იაპონია ძალიან განსხვავებულია საქართველოსგან, განსაკუთრებით სწავლასა და მუშაობაში. იქედან გამომდინარე, რომ მე ჩამოსვლამდე უამრავი წელი გავატარე ამ ყველაფერზე ინფორმაციის მოძიებაში, დამკვიდრება და ინტეგრაცია დიდად არ გამჭირვებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ ის, ვისაც ამდენივე ინფორმაცია არ გაქვთ, რომ აქ ყველაფერს პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

მუდმივად უნდა იყოთ მონდომებულები, პუნქტუალური და ყოველთვის დაანახოთ ხალხს გარშემო, რამდენად დიდი წვლილი შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს ერთიან საქმეში. იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ აზრის ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ გამოხატვის საშუალება ძალიან იშვიათად გექნებათ და აუცილებლად დაგჭირდებათ, აითვისოთ “ჰაერის წაკითხვა(空気を読む)” ფენომენი.