თათია მემარნიშვილი – იაპონური ენის სწავლება და მხატვრული თარგმანი ჩემიცხოვრების აზრი გახდა

【პროფილი】

იაპონური ენის მასწავლებელი/მთარგმნელი. 2007 წელს დაამთავრა თბილისის
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური ენისა და კულტურის ფაკულტეტი
და გახდა აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგიის მაგისტრი. 2009 წლიდან თსუ-ში
იაპონურ ენას ასწავლის. სტუდენტობისას იაპონურმა ლიტერატურამ გაიტაცა,
განსაკუთრებით კი ჯუნიჩირო ტანიძაკისა და კავაბატა იასუნარის
შემოქმედებამ. 2018 პირველად სცადა თარგმანი. პირველი წიგნი იუკიო მიშიმას „
ნიღბის აღსარება“ გამოდგა, რომელიც 2019 წელს ლიტერატურული პრემია
„ლიტერას“ ფინალისტებს შორის მოხვდა.

――იაპონური ენის შესწავლა რატომ გადაწყვიტეთ? როდის დაიწყეთ იაპონურის
სწავლა?

თათია მემარნიშვილი :

სინამდვილეში, იაპონიისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ მქონია. მინდოდა
ჟურნალისტი გავმხდარიყავი. თუმცა თბილისის აზიისა და აფრიკის
ინსტიტუტში აღმოსავლური ფილოლოგიის შესასწავლად ჟურნალისტიკისა და
ლინგვისტიკის კურსებთან ერთად უნდა ამერჩა ერთი აზიური ენა.

შესასწავლი ენების სიაში იყო ჩინური, კორეული, არაბული, სპარსული და ა.შ,
ერთი წუთი ფიქრის შემდეგ, იაპონური ავირჩიე, რადგანაც ის ამ ენებს შორის
ყველაზე საინტერესო მეჩვენა. ამ ერთმა წუთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა.

თავიდანვე მიყვარდა კითხვა და იაპონურის შესასწავლად იაპონურ
ლიტერატურას ვკითხულობდი. ასე შემიყვარდა იაპონური ლიტერატურა და
გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მენახა იაპონია. 2007 წელს,
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გავიარე იაპონიის ფონდის იაპონური
ენაში წარმატებული სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამა და ორი კვირით
ვესტუმრე იაპონიას. შთაბეჭდილება მართლაც საოცარი იყო. ამ ორკვირიანი
პროგრამის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად
დავიწყე იაპონურის ენის სწავლება. ორ წელიწადში კი ოფიციალურად
მოწვეული მასწავლებელი გავხდი. 2019 წელსაც იაპონიის ფონდის იაპონური ენის მასწავლებელთა ტრენინგის პროგრამით ათი კვირით იაპონიაში
ვიმყოფებოდი, სადაც იაპონური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების
შესახებ ტრენინგი გავიარე.

――თათია სენსეი, თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენის სწავლებით ხართ დაკავებული. რატომ სურთ თქვენს სტუდენტებს იაპონური
ენის შესწავლა?

თათია მემარნიშვილი :

იაპონური ენის შესწავლის მოტივაცია სტუდენტებისთვის ხშირად ანიმე და
მანგაა. მათ სურთ ანიმეს ყურება სუბტიტრების გარეშე. ასევე, არიან
სტუდენტები, რომლებიც იაპონიაში სწავლის გაგრძელებას ფიქრობენ.

ჩემი ყოფილი სტუდენტებიდან ზოგიერთი იაპონურ კლინიკაში მუშაობს, ზოგი
იაპონურ უნივერსიტეტში ასწავლის ან იაპონურს აქ, საქართველოში ასწავლიან.
ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მათ, ვინც იაპონურს წარმატებით იყენებს
კარიერაში, საერთო აქვთ ის, რომ უნივერსიტეტის გაკვეთილების გარდა,
თავადაც ბევრს შრომობდნენ იაპონური ენის გაუმჯობესებაზე.

ძირითადად,სტუდენტებისთვის რთულია იეროგლიფები. სწავლის დონის
ამაღლებასთან ერთად, იეროგლიფების რაოდენობაც იზრდება. ასევე, გრამატიკის
საკითხები, როგორიცაა პატივისცემის ფორმები, პასიური და კაუზატიური
ფორმები.ზოგიერთი, მიუხედავად გულმოდგინე შრომისა, თავს ანებებს
საერთოდ ენის შესწავლასაც.

ჩემს გაკვეთილებზე სტუდენტებს ვაცნობ ფილმებს, ანიმეს და იაპონური ენის
შესასწავლ ვებგვერდებს,რათა წავახალისო სტუდენტები და თავიანთი
ინიციატივითაც იმეცადინონ, გაიგონ მეტი იაპონური კულტურის შესახებ.

იაპონური ენის და კულტურის აუდიტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

――თქვენ ასევე თარგმნით იაპონურ ლიტერატურას ქართულად. რა გახდა თქვენი თარგმნის მოტივაცია?

 თათია მემარნიშვილი :

უნივესიტეტში სწავლის პერიოდში, იაპონური ენის სამეცადინოდ,
ვკითხულობდი იაპონურ ზღაპრებსა და ნაცუმე სოსეკის მოთხრობებს და
ვთარგმნიდი. რთული იყო, მაგრამ მე ეს პირად გამოწვევად მიმაჩნდა. იმ დროს
ინტერნეტი ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი და იაპონურის შესასწავლად
საკუთარი გზების ძიება მიწევდა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გარკვეული პერიოდი იაპონური
ლიტერატურის თარგმნას შევეშვი. 2016 წელს, როდესაც ჩემმა ქართველმა
მეგობარმა,დავით გოგინაშვილმა, იუკიო მიშიმას “ოქროს ტაძარი” ქართულად
თარგმნა, ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და ბიძგი მომცა, მეც მეცადა.

შემდეგ, ნაცუმე სოსეკის ერთი პატარა მოთხრობა ვთარგმნე და გამომცემლობას
გავუგზავნე. მათ შემომთავაზეს, ნაცუმე სოსეკის ნაცვლად, სხვა მწერლის წიგნი
მეთარგმნა. ასე დაიწყო ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა და პირველი
თარგმანი იუკიო მიშიმას “ნიღბის აღსარება” იყო.

მიშიმას წიგნები სავსეა რთული სიტყვებითა და გამოთქმებით, რაც თარგმნას
ძალიან ართულებდა. თარგმნის ვადა ოთხი თვე იყო, ხოლო წიგნის გვერდების
რაოდენობა 200-ზე მეტი, ამიტომ ყოველდღე 5-10 გვერდს ვთარგმნიდი. ძალიან
გამიჭირდა, მაგრამ ბოლომდე მივიყვანე. რედაქტირების პროცესის შემდეგ, წიგნი
საბოლოოდ 2019 წელს გამოიცა.

“ნიღბის აღსარების” ჩათვლით, დღემდე ექვსი წიგნი მაქვს ქართულად
თარგმნილი. თარგმნა, როგორც ჰობი, ჩემი მეორე პროფესიაც გახდა. იაპონური
ენის სწავლებასთან ერთად თარგმანიც ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა.

――როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ იაპონური ენის სწავლება და ლიტერატურა უფრო მეტად გავრცელდეს საქართველოში?

თათია მემარნიშვილი :

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონისტიკა ჰუმანიტარული
ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა ,შესაბამისად
იაპონური ენის შესწავლის მსურველი სტუდენტების რაოდენობაც
ყოველწლიურად იზრდება. ასევე, საქართველოში ტარდებოდა კინო და ანიმე
ფესტივალები.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, იაპონური ენის სწავლებისა და კულტურისადმი
მიძღვნილ ღონისძიებათა რაოდენობა რომ გაიზარდოს. გარდა ამისა, თუ
საქართველოში მეტი იაპონური კომპანია შემოვა, ეს გაზრდის იაპონური ენის
გამოყენებით დასაქმების შესაძლებლობებს და სტუდენტებისთვის მოტივაციაც
იქნება.

უნივერსიტეტში სწავლისას იაპონური ენის სწავლა მხოლოდ ერთი წუთის
გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ახლა ეს ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა და
ბედისწერასავით მეჩვენება.

მომავალში, მინდა დავიცვა დოქტორის ხარისხი და გავაგრძელო იაპონური ენის
სწავლება, ასევე საფუძველი ჩავუყარო იაპონური ლიტერატურის ქართულად
თარგმნის ხერხებსა და მეთოდებს.