【პროფილი】
იაპონისტი, ჟურნალისტი. საქართველოში იაპონიის საელჩოს თანამშრომელი 2009 წლიდან 2025 წლამდე(კულტურის და PR დეპარტამენტი; ელჩის თანაშემწე). საბავშვო წიგნის „საკურას“ ავტორი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო კვლევით პროექტზე – საქართველო-იაპონიის კროსკულტურული ურთიერთობები ქართულ ბეჭდურ მედიაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
1.გთხოვთ, მოკლედ მოგვიყვეთ, რა საქმიანობას ეწეოდით აქამდე იაპონიასა და საქართველოს შორის?
ისე მოხდა, რომ საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლობის დაარსებისთანავე 2008 წლიდან, მათი გუნდის წევრი გავხდი, და მას შემდეგ საელჩოს თანამშრომელი ვიყავი 16 წელი. უამრავი საამაყო პროექტის მონაწილე ვარ და ამ წლების განმავლობაში ჩემს მთავარ მოვალეობად საქართელოს და იაპონიის დაახლოებას მივიჩნევდი. საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 33 წელს ითვლის, თუმცა იაპონიაში 2007 წელს საქართველოს საელჩოს გახსნის და საქართველოში 2009 წელს იაპონიის საელჩოს დაარსების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა. დღეს ბევრ სფეროში ძალიან გაფართოვდა, გაიზარდა სხვადასხვა პროფესიის და საქმიანობის ხალხის ჩართულობა და ორმხრივი ინტერესი. მეამაყება, რომ წლების განმავლობაში ამ პროცესის მონაწილე ვიყავი. საელჩოში მუშაობით უდიდესი გამოცდილება მივიღე. სულ მუდამ მადლობელი ვიქნები იმ ელჩების, რომლებთან ერთადაც ვიმუშავე და რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს. მათი დამსახურებაა, რომ არასოდეს განელებულა ჩემი იაპონიით აღფრთოვანება.

2.რა იყო მიზეზი, რის გამოც დაიწყეთ იაპონური ენის სწავლა?
იაპონიის კულტურა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა. უამრავი წიგნი და ინფორმაცია მქონდა. თუმცა ენის სწავლა ზუსტად მახსოვს რამ გადამაწყვეტინა. დედამ აკუტაგავა რიუნოსუკეს მოთხრობების წიგნი მომცა. რუსულად იყო. ორტომეული, მოგვიანებით გავიგე, რომ პაპაჩემის ბიბლიოთეკიდან წამოუღია მამაჩემს თავის ბიბლიოთეკაში. ამ მოთხრობების კითხვისას, არ მასვენებდა ის აზრი რომ იაპონურად ეს მცირე ზომის, მაგრამ ძალიან ღრმა შინაარსის ნაწარმოებები რაღაც განსხვავებული ენობრივი სტრუქტურით უნდა ყოფილიყო შექმნილი. მაშინ ავიკვიატე, რომ ორიგინალ ენაზე მინდოდა მათი წაკითხვა. ამ აკვიატებამ განაპირობა, რომ ენის შესწავლა ჯერ ჩემით, თვითმასწავლებელი სახელმძღვანელოებით დავიწყე, შემდეგ კი უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმოცდეობის ფაკულტეტზეც ჩავაბარე.
3.რას ურჩევდით ან რა გზავნილს გაუგზავნიდით ქართველებს, რომლებიც ფიქრობენ იაპონურ ენის გამოყენებით მუშაობას? .
ძალიან კარგი კითხვაა. პირველი რაც აუცილებელია რომ ყველამ გაიაზროს, არის ის, რომ იაპონური ენა არ არის მხოლოდ უცხო ენა, რომლის ცოდნაც შემდეგ კარგ სამსახურს გაშოვნინებს. შეუძლებელია ისწავლო იაპონური და არ შეიმეცნო იაპონია, არ გაიზიარო იაპონელების ფასეულობები და არ გიყვარდეს ის. ამიტომ, ვფიქრობ ყველა ვინც იაპონური ენის შესწავლას იწყებს, პარალელურად იაპონიაც უნდა გაიცნოს. სწორედ ამაზე ფიქრმა მიბიძგა შემექნმა იაპონური ენის სტუდენტებისთვის სალექციო კურსი, რომელიც არა მხოლოდ იაპონიის კულტურას, ისტორიას, ლიტერატურას ანდა საზოგადოებას აცნობს მათ, არამედ აღმოაჩენინებს იაპონიას – ქვეყანას თავისი ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, დამახასიათებელი თავისებურებებითა და კულტურული შოკებით.
4.თქვენს სახლში ბევრი წიგნი ინახება, რომელიც იაპონიასა და საქართველოს ეხება. რატომ დაიწყეთ ასეთი ლიტერატურის შეგროვება? და გაქვთ თუ არა მათშორის ყველაზე საყვარელი წიგნი? .
დიახ, ასეა. ყველაზე დიდი თუ არა, იაპონიასთან დაკავშირებული ყველაზე მრავალფეროვანი და მდიდარი ბიბლიოთეკა მაქვს საქართველოში, რომელთა შეგროვება მე არ დამიწყია. მისი დიდი ნაწილი მამაჩემის ბიბლიოთეკიდანაა. ამ წიგნებმა უბრალოდ, მას შემდეგ რაც იაპონიით დავინტერესდი, საოჯახო ბიბლიოთეკიდან ჩემს პირად ბიბლიოთეკაში გადმოინაცვლა და დღითიდღე მდიდრდება. რთულია ამდენი საინტერესო წიგნიდან რომელიმე ერთი გამოარჩიო. თუმცა მაქვს ისეთი წიგნები რომლებსაც სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. მაგალითად 1905 წელს თბილისში გამოცემული ნიკო ნიკოლაძის „იაპონია“. იაპონელი ქალი ალპინისტის, ჯუნკო ტაბეის – ის პირველი ქალია ვინც ევერესტი დაიპყრო, – პერსონალური ავტოგრაფიანი წიგნები და სხვა მრავალი იშვიათი გამოცემა, მაგრამ ყველაზე მეტად მამაჩემის – პაატა ნაცვლიშვილის „ნამდვილი ქაღალდის წერო“ მეამაყება. ეს წიგნი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის საბოლოო შედეგია, რაც მამაჩემის – ცნობილი ჟურნალისტის იაპონიაში მივლინებას და პუბლიკაციების მომზადებას გულისხმობდა ამასთან ერთად, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აგურია ქართველებსა და იაპონელებს შორის მეგობრობის შენებაში. გამორჩეულად მიყვარს ის წიგნებიც, რომლებიც ჩვენ ორ ქვეყანას აცნობს ერთმანეთს, მაგალითად ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმანები იაპონურად და იაპონური ლიტერატურის თარგმანები ქართულად. ამ უდიდესი საქმისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მთარგმნელს ორი ქვეყნის დაახლოებაში ფასდაუდებელი შრომისთვის.




5.თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო და იაპონია კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს? და მომავალში რა გეგმები გაქვთ?
ჩემი გამოცდილებით, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია მომენტის გამოყენება. მზაობა იმისათვის რომ სწორ დროს სწორად იქნეს მიღებული ან გაზიარებული ინფორმაცია, რომელსაც შემდეგ უკვე მოქმედება მოჰყვება. საქმე რასაც ჩვენი ორი ქვეყნის საელჩო ემსახურება უნდა გაგრძელდეს და გამყარდეს დარგობრივ ურთერთობებში. პიროვნული ურთიერთოები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქმის წარმატებით წარმართვაში. თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ნაკლებ ნაყოფიერი იქნება თუ გათვალისწინებული არ იქნება ორი ქვეყნის კულტურულ-სოციალური ჩვეულებები. კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავება დაეხმარება ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების გამყარებაში. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, თუმცა საელჩოში მცირეწლოვანი ბავშვების დედა უკვე აღარ ვმუშაობ, იაპონიას და მის შესწავლას თუ მისი კულტურის პოპულარიზაციას კვლავაც ჩემს ძირითად საქმიანობად მივიჩნევ. ჩემი სადისერტაციო თემაც საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რომელზეც ახლა ვმუშაობ, სწორედ იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს ეხება.



